Georgian Version








 

 

 


ECI პროექტი შექმნილია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული სექტორის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.  ECI პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულ პროფესიონალთა განათლება და თრეინინგი.

ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების (ECI) პროექტი ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც დაეხმარება ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ პროფესიონალებს მიიღონ სამაგისტრო განათლება ენერგეტიკის სექტორის მართვის დარგში.
სასტიპენდიო პროგრამა შეიქმნა საქართველოს ენერგო სექტორში უკვე დასაქმებულ ან დასაქმებით დაინტერესებულ პირთა მხარდასაჭერად, რათა მათ ECI სტიპენდიების მოპოვების გზით გაიუმჯობესონ თავიანთი ცოდნა. პროექტმა გრანტით დააჯილდოვა სამი საუკეთესო სტუდენტი, ჯამურმა თანხამ შეადგინა 300,000 დოლარი. სამივე სტუდენტი 2 წლის განმავლობაში ისწავლის აშშ-ში წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად. ესენი არიან:

ნანა გურგენიძე - ნიუ იორკის ტექნოლოგიების ინსტიტუტი. ენერგეტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა.

მიხეილ ზიბზიბაძე - მინესოტას უნივერსიტეტი, სამაგისტრო პროგრამა ტექნოლოგიათა მენეჯმენტში.  

მარინა არაბიძე - ვისკონსინის უნივერსიტეტი. ნელსონის ინსტიტუტი. გარემოს დაცვისა და რესურსების სამაგისტრო პროგრამა. (პროგრამაში შედის სერთიფიკატი ენერგეტიკის ანალიზსა და პოლიტიკაში).

სულ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა - 74 პირი.  მიღებული განაცხადები საარჩევნო კომისიამ განიხილა განმცხადებლის აკადემიური წარჩინების,  სამოტივაციო წერილისა და სხვა კვალიფიკაციათა მიხედვით. GRE, GMAT, TOEFL ტესტირების საფუძველზე გამოვლინდნენ საუკეთესონი.

მჯერაშემიძლიაწვილიშევიტანოჩემიქვეყნისგანვითარებისსაქმეში, ახალიდემოკრატულიქვეყნისათვისაუცილებელიაგანვითარებისსწორიმიმართულებებლისგანსაზღვრა. საქართელომუნდაგაათვიცნობიეროსთუროგორაპირებსსასურველიმიზნებისმიღწევასდავფიქრობამისსაუკეთესოსაშუალებადასავლეთისქვეყნებისგამოცდილებათაგაზიარებაა”. - წერდა ერთ-ერთი აპლიკანტი, რაც თავის მხრივ, ამ პროგრამის მიზანიცაა.

სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებმა გამოავლინეს დიდი პასუხისმგებლობა და  მზადყოფნა, რათა გააუმჯობესონ საქართველოს ენერგეტიკული გარემო. ისინი სრული პასუხისმგებლობით აცნობიერებენ სასტიპენდიო პროგრამის ღირებულებას და თავიანთ როლს მომავალი ლიდერების ჩამოყალიბების საქმეში.

დღეისათვის გამარჯვებული სტიპენდიანტები  სწავლა - განათლებას იღებენ ამერიკის უნივერსიტეტებში. ისინი გვიზიარებენ მიღებულ შთაბეჭდილებებს.

გილოცავთ!
2009 წლის სტიპენდიათა გამარჯვებულები

მარინა არაბიძე: “მე გახლავართ მარინა არაბიძე - ECI პროგრამის სტიპენდიანტი და ვისკონსინის უნივერსიტეტთან არსებული გაილორდ ნელსონის ინსტიტუტის ბუნების დაცვისა და რესურსების კურსის სტუდენტი. ენერგეტიკა ჩემი ინტერესის სფეროა და სამაგისტრო ხარისხის  პარალელურად ვეუფლები სერთიფიკატს ენერგეტიკის ანალიზსა და პოლიტიკაში.
ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც ამერიკაში ჩამოვედი და ლექციებს ვესწრები. თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხანმოკლე პერიოდი უკვე აღსავსეა პირადი თუ პროფესიული შთაბეჭდილებებით. საზღვარგარეთ უცხო გარემოში არა ერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ აშშ-ში მიღებული გამოცდილება არც ერთს არ შეედრება. ECI პროექტმა სწორი არჩევანი გააკეთა: UW საუნივერსიტეტო ცხოვრება მართლაც არაჩვეულებრივია. მიუხედავად იმისა, რომ ეს უნივერსიტეტი დღესდღეისობით დაახლოებით 40 000 სტუდენტს მასპინძლობს, არ გამჭირვებია მოკლე ხანში თავი მეგრძნო უნივერსიტეტის წევრად. განსაკუთრებულ ყურადღებას სწავლის ხარისხსა და წყაროების მრავალრიცხოვნებაზე გავამახვილებდი. თამამად მინდა განვაცხადო, რომ ჩემთვის შერჩეული პროგრამა  მრავალპროფილიანი და მრავლის მომცველია. სასწავლო პროგრამები სრულად აკმაყოფილებენ ჩემი ინტერესის სფეროს. შერჩეულ კურსებს:  განახლებადი ენერგიიის წყაროები, ენერგეტიკის ანალიზი და პოლიტიკა პირველ სემესტრში გავივლი და გავიგებ თუ როგორ ურთიერთდამოკიდებულებაშია ეს საკითხები კლიმატის ცვილებებთან. ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გვთავაზობს წიგნების უახლეს პუბლიკაციებსა და კოლექციებს. ეწყობა სხვადასხვა სახის სემინარები, რომლებიც ეხმარება სტუდენტებს სწორად დასახონ სამომავლო გეგმები. პროფესორ მასწავლებლები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით და სტუდენტებთან თბილი მიდგომით.

თავისი სასტიპენდიო პროგრამით ECI-მ მომცა უნიკალური შესაძლებლობა და დარწმუნებული ვარ ამ უნივერსიტეში გატარებული წლები დიდ წვლილს შეიტანს ჩემი მომავალი საქმიანობის წარმატებით  წარმართვაში”.

მიხეილ ზიბზიბაძე - მინესოტას უნივერსიტეტის ტექნოლოგიათა მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი: “ტექნოლოგიათა მენეჯმენტის პროგრამა არის
მრავალდარგოვანი საუნივერსიტეტო პროგრამა მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთათვის,  რომლებსაც სურთ განივითარონ ლიდერის უნარები ბიზნესის, მენჯმენტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით.
 სასწავლო კურსი ყურადღებას ამახვილებს  შემდეგ საკითხებზე: ბიზნესი, ტექნოლოგიები, ინჟინერია, პოლიტიკა, სამართალმცოდნეობა და კვლევითი საკითხები. მინესოტას უნივერსიტეტის ეს პროგრამა ტექნოლოგიურ სიახლეებში ხედავს ზრდისა და განვითარების მამოძრავებელ ძალებს. პროგრამა ეხება როგორც ბიზნეს საქმიანობის ზოგად, ასევე სპეციფიკურ საკითხებს, რომლებიც დაინტერესებულ პირებს უვითარებს ლიდერისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.

ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და განათლების მიღება მსოფლიო დონის პროფესორ მასწავლებლებთაგან ბიზნესის, სამართალმცოდნეობის, ინჟინერიის, კვლევით თუ საჯარო საკითხებზე. ნიჭიერ პროფესიონალებთან ურთიერთობა სწავლების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და  განსაკუთრებულ ელფერს სძენს სასწავლო პროგრამას.
დარწმუნებული ვარ რომ აქ შეძენილი ცოდნა შედეგიანი იქნება და სრულად დააკმაყოფილებს ჩემი სამომავლო საქმიანობის მოთხოვნებს.

მინდა მადლობა გადავუხადო ECI პროგრამასა და ცალკეულ პირებს, რომლებმაც ჩემი აშშ-ში გამგზავრება  შესაძლებელი გახადეს. მოუთმელნად ველი ჩემი ცოდნა გავუზიარო ქართველ კოლეგებს”.

ნანა გურგენიძე, ნიუ იორკის ტექნოლოგიათა ინსტიტუტი: “მე გახლავართ ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინვესტიციო განყოფილების ხელ-მძღვანელი. როგორც ECI -ის სასტიპენდიო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული, ვეუფლები სამაგისტრო ხარისხს ნიუ იორკის ტექნოლოგიათა ინსტიტუტის ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების სასწავლებელ-ში. ენერგეტიკის მენეჯმენტი, როგორც სასწავლო კურსი, საკმაოდ ახალია, იმდენად რამდენადაც საკუთრივ ენერგო რესურსების ეფექტური გამოყენების საკითხი არც თუ დიდი ხნის წინ გახდა აქტუალური. როგორც ჩვენი ენერგეტიკის მენეჯმენტის პროფესორი, ბ-ნ რობერტ ამინდსენი ამბობს: მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მარტო ქ. ნიუ იორკს დასჭირდება დაახლოებით 5,000 პროფესიონალი ენერგეტიკის მენეჯმენტის დარგში. რაც თავისთავად მეტყველებს ამ სფეროს მზარდ მოთხოვნაზე როგორც ამერიკაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.  ყოველივე ეს ჩემს კარიერაში ახალ პერსპექტივებს სახავს საქართველოში ენერგეტიკის მენეჯმენტის დარგის განვითარების თვალსაზრისით.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო USAID - ის მიერ დაფინანსებულ ECI - ის სასტიპენდიო პროგრამას, რომელმაც სტიპენდიის გამარჯვებულებს მოგვცა პროფესიული ზრდის, ჰორიზონტის გაფართოების, თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებათა გაზიარების საშუალება. ამ პროგრამის მიხედვით, ჩვენი ხანგრძლივი არყოფნის მიუხედავად,  ჩვენი დამსაქმებელი ორგანიზაციები საბოლოო ჯამში უფრო მაღალ კვალიფიციურ კადრებსა და შესაბამისად, უკეთეს შედეგებს მიიღებენ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროგრამამ არჩევანი შეაჩერა იმ კანდიდატებზე, რომლებიც უკვე აქტიურად არიან ჩაბმულნი ენერგო სექტორის განვითარების  პროცესში.  შესაბამისად,  ეს თავისებურ ასახვას ჰპოვებს საქართველოს ენერგო სექტორის განვითარების საქმეშიც”.

სასტიპენდიო პროგრამა ეხმარება ქართველ სტუდენტებს დასახული მიზნის მიღწევაში. ECI - ის სასტიპენდიო პროგრამა არის საშუალება რათა ქართველმა პროფესიონალებმა გაიუმჯობესონ თავიანთი ცოდნა განვითარებული სამყაროს ცოდნის გაზიარების გზით.

სტიპენდიო პროგრამის და სხვა საქმიანობის განხორციელებით ECI იმედოვნებს, რომ ეს სტუდენტები არა მარტო აიმაღლებენ საკუთარ ცოდნას, არამედ გააუმჯობესებენ მშობლიური ქვეყნის ინტელექტუალურ გარემოს, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქვეყნის ენერგო სექტორის მართვას.

ადგილობრივი სასტიპენდიო პროგრამის განხორციელება ხდება იმ ოთხ წამყვან უნივერსიტეტთან ერთად, რომლებსაც მიენიჭათ გრანტები ენერგეტიკის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამებისა და კონცენტრაციების ჩამოსაყალიბებლად. სასტიპენდიო პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდება თითოეულ უნივერსიტეტთან შეთანხმებით 2009 წლის გვიან შემოდგომაზე.

Copyright © 2009 AEAI, Inc. All rights reserved.
The information provided on this website is not official U.S. Government information and does not represent the views or position of U.S. Agency for International Development or the U.S. Government